დათო გოქაძე
ახლაც კი როცა აქ ვწევარ და ვფიქრობ, მგონია რო არასოდეს მოვკვდები. არადა ჩემს გარშემო უკუნითი სიბნელეა, ვერ ვინძრევი და ყველა პირობა მაქვს იმის, ვიფიქრო, რომ კუბოში ვარ. მე კი უდიერად ვაგრძელებ ფიქრს სიცოცხლეზე. ვწევარ და ვფიქრობ. ვფიქრობ წარსულზე და მომავალზეც. ვფიქრობ რომ ყველაფერი შეიცვლება, მოვა ერთი დღე და მე ავდგები აქედან, ისევ ჯანსაღად გავიმართები წელში და ომახიანად შემოვძახებ: გამარჯობა სიცოცხლე. ჩემზე ბევრი რამე შეიძლება ითქვას, ისიც რომ სამშობლოს გულისთვის ვარ აქ, ისიც რომ ადამიანებმა გადამრიეს, ისიც კი რომ ტყულა უბრალოდ მოკვდაო, მაგრამ ჩემნაირ კაცს თავის მოკვლა არ შეეძლო. ვიხსნებ თუ როგორ მოვკვდი, მაგრამ მომკალით და ვერ ვიხსენებ. ღრმად დარწმუნებული ვარ იმაში რომ, თავს არ მოვიკლავდი. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, იქნებ მკვდარი არ ვარ. იქნებ კი არა ნამდვილად არ ვიქნები, აბა როგორ არ უნდა მახსოვდეს როგორ მოვკვდი. არა, მე მკვდარი არანაირად არ ვარ. უბრალოდ შეცდომით მოვხვდი აქ. უკუნითი სიბნელეა და ვერ ვინძრევი, ყველა პირობა მაქვს იმის, ვიფიქრო, რომ კუბოში ვარ. მე კი უდიერად ვაგრძელებ ფიქრს სიყვარულზე. მახსოვს ვიღაც მიყვარდა. არა ნამდვილად მახსოვს რომ, მიყვარდა. ძალიან ლამაზი და ნაზია ჩემი სიყვარული. თამამად შემიძლია ვთქვა რომ, სიცოცხლის ბოლომდე მიყვარდა. ოო ღმერთო, გამახსენდა, რა ლამაზია, უზომოდ ლამაზი და ნაზი. იქნებ მართლა თავი მოვიკალი? არა ჩემნაირი ადამიანები თავს არ იკლავენ. დიდი სიამოვნებით ავდგები აქედან, ისევ ჯანსაღად გავიმართები წელში და ომახიანად შევძახებ: გამარჯობა სიყვარულო და მოვეხვევი, ჩემი ტუჩები ნაზად შეეხებიან შენ ტუჩებს ჩემო ლამაზო, და სიამოვნების მორევში გადავეშვებით. თითქოს ვიგრძენი კიდეც შენი სურნელი, ოო როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო.....
მზემ თვალებში შემაჭყიტა და მეც ხელი მოვიფარე თვალზე. შენი სურნელი კი ისევ თავბრუს მახვევდა
დათო გოქაძე

პატარა გოგონა რომელიც დილაობით, წვიმის შემდეგ ტყეში გადიოდა და სოკოებს კრეფდა ერთბაშად შეიცვალა. ამაღლდა და გალამაზდა. მთელი ტყე მასზე ლაპარაკობდა, მთელი ტყე გოგონას შეჰხაროდა.
ღამით კი ყველაფერი კვდებოდა, მხოლოდ საზიზღარი ჯადოსნობის სურნელი იგრძნობოდა. უკვე მეცხრე ღამეა გოგონა ფანჯარასთან იდგა და ამ ყველაფერს აკვირდებოდა. გულში ჩუმად ტიროდა, იმიტომ რომ დილით ბალახებზე ნამი არ იყო, არც ჩიტი გალობდა, თითქოს ყველაფერი ცოცხალი იყო, მაგრამ სისცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მთელი დღეები გოგონა ფიქრობდა, რა მოეხერხებინა და როგორ ეშველა ამ ყველაფრისთვის. მეათე ღამეს კი გოგონამ დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა, ის რაღაც თუ ვიღაც ბუტბუტებდა და ბნელ ძალებს უხმობდა. წამიერად აბობოქრდა მთელი ტყე, თითქოს უნდოდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ უძლურნი იყვნენ. ეს ჩია არსება კი იდგა და ბუტბუტებდა. შიშისაგან აკანკალებული გოგონა კი ფანჯარასთან იდგა გაუნძრევლად და ვერაფერს აკეთებდა.
დილით თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. დილით თითქოს ბალახს ნამი ქონდა. დილით თითქოს ჩიტიც აჭიკჭიკდა. გოგონა კი ისევ ფანჯარასთან იდგა, ისიც თითქოს კანკალებდა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მოხოლოდ და მხოლოდ თვალებზე ცრემლს თუ შენიშნავდით, რომელიც ერთ ადგილს მიყინულიყო და არ მოძრაობდა.
ასე განვლო, რამოდენიმე ხანმა. ყველაფერი ძველებურად იყო, ბუნება მკვდარი, გოგონა კი ფანჯრიდან შესცქეროდა და თვალზე გაყინული ცრემლი ქონდა და უცებ ყველაფერი ერთად ამოქმედდა, მზემ სხივების ნაცვლად ცხელი წვიმის წვეთები დაუშვა. გაცოცხლდა ტყე და გოგონას მიაცქერდა, მაგრამ გოგონა ისევ იქ იდგა გაუნძრევლად, მხოლოდ გაყინული ცრემლი აღარ ქონდა თვალზე, სადღაც გამქრალიყო.
დამარხა ბუნებამ პატარა გოგონა.